“საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის”

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

მინისტრი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება ნაადრევია.

„არ ვუჭერ, რა თქმა უნდა მხარს. რადგან ჩემი აზრით, ცვლილება ნაადრევია. საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის“, – განაცხადა გომელაურმა.

საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს.

„რა თქმა უნდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, დეპუტატ გოგა ხაჩიძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდეს.

დოკუმენტის მიხედვით, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. ხაჩიძისავე ინიციატივით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით. ავტორის ინიციატივით, ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება.

banner
წინა სტატიაში“სოხუმის ტერიტორიაზე 11 ახალი სამარხი გაიხსნება”
შემდეგი სტატიალარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება