რიჩარდ ნორლანდი: ძლიერი სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველო გავიდეს სტაბილურობაზე

მართლმსაჯულება ჯერ კიდევ არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება რეფორმირება და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაიწყო საუბრები შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე, ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ კარგი დროა ამ დაწესებულებების სანდოობისა და ანგარიშვალდებულებების ამაღლებისთვის, რომ ეს უწყებები გამჭვირვალედ აწარმოებდნენ თავიანთ საქმიანობას. პროკურატურა და შს სამინისტრო უნდა ცდილობდნენ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები. საზოგადოების ნდობა, ჩვენი აზრით, შესაძლებელია მიღწეულ იქნეს სწორედ რეფორმირების მეშვეობით”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

რიჩარდ ნორლანდის თქმით, აუცილებელია, მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მათთვის მუშაობს და არა მათ წინააღმდეგ.

“მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმებს. დღევნადელი დებატები გამოიწვევს აღნიშნული უწყებების წარმატებულ რეფორმირებას. საქართველო კარგ მდგომარეობაშია. მას შეუძლია, შეეჭიდოს ამ ამოცანას. მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი მთავრობა ამისთვის. პირადად მე კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, რომ ძლიერი სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველო გავიდეს სტაბილურობაზე. იმედი მაქვს, ეს დისკუსიები გადაიზრდება კონკრეტულ სტრატეგიებში”, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და დასძინა, რომ  საქართველომ დემოკრატიული განვითარების საქმეში დიდი პროგრესი განიცადა .

banner
წინა სტატიაშიკვიპროსში რუსული ბაზები განთავსდება
შემდეგი სტატიაკობი-გუდაურის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია