პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში “ღირსების მარშში” მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში “ღირსების მარშში” მიიღო მონაწილეობა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და გაიარა ყველა ის ქუჩა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. “ზეციური ასეული” და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. “ღირსების მარშის” მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.
“როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით, მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები – თავისუფლების მოყვარული სხვა ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ღონისძიებაში, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები.
უკრაინის “ღირსების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია