,,პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას ესწრება.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე იმყოფება მსოფლიოს 32 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი.
“საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება, იმიტომ ხედავთ მსოფლიოს 32 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები არიან აქ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს არა იმას, რომ მათი პარლამენტები გაუმჭვირვალეა, არამედ იმას, რომ ამ თემას მუდმივი ყურადღება სჭირდება, მუდმივი ყურადღება სჭირდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის ძალიან მოხარული რომ ასეთ წარმომადგენლობით კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც დემოკრატიის საერთაშორისო დღეების ფარგლებში იმართება. მისივე თქმით, მექსიკაში დაგეგმილია მსოფლიო სამიტი, სადაც კიდევ ერთხელ მოხდება ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე მსოფლიო პარლამენტებისა და მთავრობების შეხვედრა.
“საქართველო არის ამ პროცესის აქტიური მონაწილე დაწყებული 2011-12 წლებიდან. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ამ პროცესში ჩართულობა ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს პროცესი გააგრძელა და ჩვენ ვართ მსოფლიოში მმართველო კომიტეტის წევრი. იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში”, – განაცახადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება, უშუალოდ საკანონმდებლო ღიაობის ინიციატივას, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი არის მოწინავეთა რიგებში, უკვე დამტკიცებულია სამუშაო გეგმა, პარლამენტში შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია შესული.
“პარლამენტის ღიაობა, მეტი კავშირი მოსახლეობასთან, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური 18-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ეს არ არის ცუდი ფასი, რომ შევადაროთ იგივე ევროპის ფასებს
შემდეგი სტატიაცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა