ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა, უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუაში დამატებით ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნას.

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, აქედან 2 ზნაურის, ხოლო 1 ახალგორის რაიონში. სოფელი ხელჩუა, სადაც მეოთხე გამშვები პუნქტი გაიხსნება, ქართულ სოფელ ზარდიაანთკართან მდებარეობს, სადაც რამდენიმე ოსური ოჯახიც ცხოვრობს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, საზღვრის გადაკვეთის უსაფრთხოების საკითხებში არ უნდა დაივიწყონ ნათესაური კავშირები იმ ადამიანებს შორის, ვინც ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ იმ ადამიანების ნათესაური კავშირები, ვინც საზღვრის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი მოვალეობაა, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე“, – განაცხადა თიბილოვმა.

ამასთან, სხდომის მონაწილეებმა სასაზღვრო ზონის რეორგანიზაციის საკითხი განიხილეს, რაც ამ ზონიდან დასახლებული პუნქტების გამოყვანასა და ზოგიერთ მონაკვეთზე სასაზღვრო ზონის სიშორის შემცირებას გულისხმობს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ზოზულიამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საზღვრისპირა ტერიტორიების უსაფრთხოებას გაზრდის.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი პარლამენტში სიტყვით გამოდის
შემდეგი სტატია,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ ტოვებდეს კითხვებს”