“ნაციონალური მოძრაობა” – უნდა გაუქმდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოღებული ყველა რეგულაცია, რომელიც ეკონომიკის ზრდას აფერხებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ნაციონალურ მოძრაობის” შეფასებით, ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ იანვრის მონაცემებს ეხმაურება.
“იანვარში აღინიშნა ექსპორტის 30%-იანი კლება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპორტში ვარდნის ტენდენციაა დაწყებული შარშანდელი აგვისტოდან, მათ შორის, მნიშვნელოვანი ვარდნა აღინიშნა ნოემბერში – 35%, დეკემბერში – 20% და ახლა, იანვარში – 30%. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი მცირდება არა მხოლოდ უშუალო მეზობელ ქვეყნებთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. 2014 წელს ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა 2%-ით, ხოლო თუ ავიღებთ 2014 წლის მხოლოდ ბოლო, მეოთხე კვარტალს, ევროკავშირთან ექსპორტი შემცირებულია 31%-ით. ალბათ, რთულად მოიძებნება დედამიწაზე ხელისუფლება, რომელიც მოახერხებდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ რეგიონთან ექსპორტში ვარდნის მიღწევას. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენს ეკონომიკას პრობლემები აქვს, რადგან რეგიონს აქვს პრობლემები, არის მცდარი ეკონომიკური ხედვების მორიგი გამოვლინება. ევროკავშირის ეკონომიკაში ამჟამად საპირისპირო ტენდენციებია, 2014 წლის მე-4 კვარტალი ითვლება ევროკავშირის ეკონომიკის შემობრუნების პერიოდად, ხოლო 2015 წელს ვარაუდობენ 2010 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლის მიღწევას. შესაბამისად, ევროკავშირთან, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ექსპორტი კი არ უნდა იკლებდეს, არამედ უნდა იზრდებოდეს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პარტიის მიერ მომზადებულ 36 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმაში გაწერილი ნაბიჯები გადადგას.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას – ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. მეტიც, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება და მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ყველზე გაჭირვებულ მოსახლეობას. სასწრაფოდ უნდა მოხდეს გადასახადების განაკვეთების შემცირება. უნდა გაუქმდეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში შემოღებული ყველა ის რეგულაცია, რომელიც აფერხებს ეკონომიკის ზრდას. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს აქცევს რეგიონულ ჰაბად და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს, და სხვა ნაბიჯები, რომლებიც მოცემულია ჩვენს მიერ მომზადებულ 36 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმაში, მნიშვნელოვანია გადაიდგას ახლავე, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის რეცესიაში გადასვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვარელიძე – მეჩვენება, რომ ივანიშვილს სურს, ექსპერტებმა ისე ილაპარაკონ, როგორც მეხოტბეებმა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი