მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით შესაბამისი ცვლილება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების“ წესებში შევიდა.

კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ. სიახლე საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ეხება.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

სემეკის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები დაუწესდებათ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური სოფელი გახსნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს