“მომავალში გვინდა, რომ ეტაპობრივად მოხდეს საგარეო ვალების ჩანაცვლება საშინაო ვალებით”

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო ვალების საშინაო ვალებით ჩანაცვლება იგეგმება. მისი თქმით, უკეთესია თუ ეტაპობრივად გაიზრდება საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში.

როგორც გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის ზრდა, ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.

“ეს ნამდვილად არ არის კარგი, არც მთავრობის ინტერესში შედის. ეს ფაქტი მოხდა, რადგან დოლარი გამყარდა თითქმის ყველა ვალუტასთან, შესაბამისად, გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა. ჩვენ მომავალში გვინდა, რომ ეტაპობრივად მოხდეს საგარეო ვალების ჩანაცვლება საშინაო ვალებით. ზოგადად, ეკონომიკისთვის ყოველთვის უმჯობესია ეტაპობრივად იზრდებოდეს საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში მთლიან სახელმწიფო ვალში. თუმცა, აქვე ავღნიშნავ რომ დღეს, ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია დამატებითი ვალუტის შემოდინება და სწორედ ამიტომ, კონკრეტული წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საშინაო ვალის გარკვეულ შემცირებას, საგარეო ვალის უფრო მეტ მოზიდვას”, – განაცხადა კაკაურიძემ

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს განიხილავს.

banner
წინა სტატიაში2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა შერჩევა დასრულდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ