მიხეილ გიორგაძე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და ნგრევა არ შეინიშნება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროში შემავალ ორგანიზაციებში საგანგაშო ნგრევა და ზარალი არ არის, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა. მიხეილ გიორგაძემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

“მთელი ღამის განმავლობაში, დღეს დილიდან მობილიზებულია მაქსიმალურად ყველა სამსახური, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ ადამიანებს. კულტურის სამინისტროში შემავალ ორგანიზაციებში საგანგაშო ნგრევა და ზარალი არ არის. ორი მეტ-ნაკლებად რთული შემთხვევაა კინომსახიობთა თეატრში. საგრიმიოროში ჩამოვიდა წყალი და ბათქაში ჩამოვარდა. ხოლო ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობაში ჩამოვიდა წყალი. თუმცა დაზიანებები არავის მიუღია”, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, გამთენიისას გავიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექცია და მთელ ქალაქში იმოძრავებენ მთელი დღის განმავლობაში. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და ნგრევა არ შეინიშნება.
კულტურის მინისტრის თქმით, ბეთანიის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილია დაზიანებული, თუმცა მონასტერს ზიანი არ მიადგა. ამასთან, გიორგაძემ აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ცხელი ხაზი გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე და მოსახლეობას შეუძლია ამ ნომერზე დარეკოს.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში დათვის ორი ბელი დაიჭირეს
შემდეგი სტატიასტიქიამ ელექტრო და გაზმომარაგებაში პრობლემები შექმნა-კალაძე სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა