მარკ გრიფითსი – მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა ითანამშრომლონ

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა ითანამშრომლონ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უთრიერთვალდებულებათა პატივისცემის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში და ახალი გამოწვევების საპასუხოდ, უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა. “მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის, რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფონზე, საქართველოს გააჩნია კარგი წინაპირობები ამჟამინდელი გამოწვევების დასაძლევად. მთავრობა შექებას იმსახურებს ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 3%-ზე შენარჩუნებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პროგრამით განსაზღვრულ მაჩვენებელს. თუმცა, 2015 წლის ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება. ამდენად, მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა განახორციელოს ბიუჯეტის დეფიციტის დასაცავად. ამ მიმართულებით მთავრობამ საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგა: საჯარო მოხელეების პრემიები შეამცირა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმევა განახორციელა”, – განაცხადა მარკ გრიფითსმა.
ამასთან, მისი რეკომენდაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილებები სისრულეში უნდა მოიყვანოს და ბიუჯეტშიც ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს.
თუმცა, მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიმანანა ნაჭყებია: ქართულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების წარმოუდგენლად დაბალი პროფესიონალიზმია
შემდეგი სტატიაე.წ. უფასო ფულის ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა