ლევან ვასაძე – “ტელეიმედმა” უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგების ყველა რეკორდი მოხსნა

დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიმართავს, ტელეკომპანია “იმედში” არსებული მდგომარეობა გამოასწოროს.
როგორც ვასაძე ახსენებს, “იმედმა” უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგების ყველა რეკორდი მოხსნა. შესაბამისი განცხადება ლევან ვასაძემ კონფერენციის, “დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები” გახსნისას გააკეთა, რომელიც სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მიმდინარეობს.
“მინდა მივმართო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს, მის მეუღლეს ინა გუდავაძეს, მის დას ნანა პატარკაციშვილს, ასევე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების მმართველ-განმკარგველებს – თქვენი ოჯახის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზია “იმედმა” ამ ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოში უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში. ამ საქმეში მან სააკაშვილის “რუსთავი 2”-საც კი აჯობა. ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი გაოგნებული უცქერს იმ ბაკქანალიას, რომელიც “ტელეიმედის” ეთერში მიმდინარეობს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამით არცხვენთ ბადრი პატარკაციშვილის სახელს, რომ არ ვთქვათ მეტი. იმედი გვაქვს, შეისმენთ ჩვენი საზოგადოების წევრების, მათ შორის ჩემს არაერთ შეგონებას და თქვენს ტელევიზიაში მდგომარეობას გამოასწორებთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ კონფერენციის გახსნისას.
რაც შეეხება თავად კონფერენციას, როგორც ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახური ღირებულებების, ოჯახის დაცვის, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში ტარდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საოჯახო ღირებულებების დამცველი ორგანიზაციის კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს საოჯახო კონგრესი ჰქვია. ჩამოსულია ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ჯეიკობსი და მისი კიდევ ერთი ხელმძღვანელი დონ ფედერი. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუმრები მოწვეული არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ხორვატიიდან.

banner
წინა სტატიაშისებასტიანა 21-ე შვილზე გაჩერებას არ აპირებს
შემდეგი სტატიასაზოგადოების რამდენიმე ცნობილი სახე ზაზა აბაშიძის დანიშვნას ქართველი ხალხისთვის საამაყოდ აფასებს