“იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ჩიხშია შესული “

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ჩიხშია შესული, – ამის შესახებ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ დღეს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯოგლიძემ აღნიშნა, გამოძიების ვერსია, რომ სოსანაშვილმა იური ვაზაგაშვილი მოკლა, რათა აღიზიანებდა მისი საქმიანობა აბსურდია და ამის არ სჯერა, თავად დაზარალებულის ოჯახსაც.
რაც შეეხება მოკლულის ოჯახის პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე შემკვეთები არ არიან დასჯილი, ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ ამ მიმართულებით გამოძიება ჩიხშია. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურისთვის ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ მთავარი იყო საქმე გაეხსნა და ამისთვის ნებისმიერი რამ გაეკეთებინა. მისივე თქმით, სწორედ ამას უკავშირდება გია სოსანაშვილის დაკავება და ვერსია, რომ სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის საქმიანობა აღიზიანებდა და ამ მოტივით გაუსწორდა.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მოწმეების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც მისი შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე რეაგირებას მოახდენს.
რაც შეეხება გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას, პროცესი ხვალ 11:00 საათზე განახლდება, სადაც ბრალდების მხარე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. უახლოეს პერიოდში კი, პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა სრულდება და სასამართლო დაცვის მხარის მასალების გამოკვლევას შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძემ პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიარონალდ რეიგანის ძეგლი თეთრი საღებავით შეღებეს