ირაკლი ალასანია – “ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკეა”

“ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკეა,”- ეს განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კახეთში გააკეთა. ალასანიამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გააჩნია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დღეს თავისუფალი დემოკრატები კახეთში ვიყავით ადგილობრივების პრობლემების გასაცნობად. რადგან კვირა დღეა და კახელები ამ დღეს ძირითადად ბაზარში არიან, ზოგი სავაჭროდ, ზოგიც კი სურსათის მარაგის შესაძენად, ბოდბისხევის ბაზრობაზე გავედით.
სიტუაცია კატასტროფული დაგვხვდა. აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა ვითარებაა კახეთში და ზოგადად მთელს საქართველოში. მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია, ბაზარში დახლებთან უმეტესად პენსიონერები და მოხუცები დგანან – ოჯახებიდან გამოტანილ ნივთებს, ძველმანებს ყიდიან, რომ საჭმლის ელემენტარული ფული იშოვონ.
თვალში საცემი იყო, რომ ბაზარში მყიდველები არ არიან, თუ ვინმე რამეს ყიდულობს, ისისც ელემენტარული საარსებო შენაძენებია, დიდ მარაგზე ხომ ლააპარაკიც კი ზედმეტია.
უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი, პენსიები და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების პრობლემების სრული უგულვებელყოფაა, კახელების და მთელი საქართველოს მთავარი პრობლემა.
150 ლარით პენსიონერები ელემენტარულ საკვებსაც კი ვეღარ ყიდულობენ.
ბოდბისხევის ბაზარში ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ: დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ამ თანხის 70%, ანუ 112 ლარი, გათვლილია სასურსათო კალათის შესაძენად, რომელიც ერთ ადამიანს თვის განმავლობაში უნდა ეყოს; ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამ თანხით დღეს ერთი კვირის სამყოფ საჭმელსაც კი ვერ იყიდი, რომ არაფერი ვთქვათ მთელი თვის მარაგზე”–განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭო საქმიანობას კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ