მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები და ჯგუფები ვეხმაურებით კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გასაღების გამიჯვნას ისახავს მიზნად.

აღვნიშნავთ, რომ პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და კომერციული მიზნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის სამართლებრივი შედეგების გამიჯვნის პროცესის დაწყება პოზიტიურია. თუმცა, თავად წარმოდგენილი კანონპროექტი ფრაგმენტული ხასიათისაა და რეალური პრობლემის მასშტაბს არ შეესაბამება. ნარკოტიკული დანაშაული სახელმწიფოების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნათელია, რომ რეპრესიული პოლიტიკა არ წარმოადგენს ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას და საჭიროა კომპლექსური ხედვის არსებობა, მიდგომების გამიჯვნა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისა და გამსაღებლების მიმართ, ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასთან ერთად, წამალდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციაზე ზრუნვა.

წლების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირების წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებული სიმკაცრით ვლინდება, რასაც თან ახლავს უსამართლო და ღირსების შემლახავი პრაქტიკა და სასჯელი, მძიმე მატერიალური ტვირთი მსჯავრდებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, დამატებითი სტიგმატიზაცია და გარიყვა.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან, ამ დრომდე არ მომხდარა სისტემური ცვლილებების ინიცირება ან დისკუსიის დაწყება ამ საკითხების ირგვლივ. ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, წინასწარი განხილვებისა და კონსულტაციის გარეშე წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ფრაგმენტული და არასისტემურია. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივის განხილვა არ მომხდარა სათემო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან ან სხვა აქტიურ ჯგუფებთან. საკითხი მათ შორის არ განხილულა იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებშიც.

ნარკოპოლიტიკის საკითხის სიმწვავისა და აქტუალობის გათვალისწინებით არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივების განხილვა ღია და წარმომადგენლობით ფორმატში მოხდება. ამ პირობებში ეროვნული ხელისუფლების მიერ შერჩეულ ფორმატს არ ამართლებს განმარტებით ბარათში მოშველიებული არგუმენტი საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი არსებითად ხარვეზიანი და მოუმზადებელია. კანონპროექტის ავტორები ყურადღების მიღმა ტოვებენ პრაქტიკულად ყველა ძირითად პრობლემას, მათ შორის:

ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის დაწესებული არაგონივრული სასჯელი უცვლელი რჩება;
გაუმიჯნავია ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა/შენახვის მიზნები;
უცვლელია ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხა, რაც არაადეკვატურად მკაცრი სასჯელების დაკისრების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს;
ამასთან, კანონპროექტშივე არაპროპორციულად მკაცრია სასჯელი პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის.
საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და აღწერილი პრობლემებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, საკითხზე საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე, უზრუნველყონ წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის გამართვა მომხმარებელთა თემის ექსპერტების, ორგანიზაციების და ყველა აქტიური ჯგუფის მონაწილეობით, რომელსაც ასევე დაესწრებიან კანონპროექტის ავტორები და ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, შესაბამისი საკანონმდებლო პროცესის დაწყებამდე, შეიქმნას შესაძლებლობა საკითხის ღიად და საფუძვლიანად განხილვისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
კამპანია “ბექა არ არის კრიმინალი”
“მსოფლიო ექიმები, საქართველო – საფრანგეთის წარმომადგენლობა”
“თანადგომა”
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი
“ახალი ვექტორი”
“რუბიკონი”

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი არის არაკომფორტული შენობა–ნოდარ ხადური
შემდეგი სტატიასადღობელაშვილის სკანდალური მიმართვა ალექსი პეტრიაშვილს