თშუ-ს სტუდენტების აქცია- მონაწილეები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის დროს 22.00 საათამდე აძლევენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

“უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ პრობლემებზე, თუმცა შეხვედრამ ის შედეგი მოგვცა, რომ არაფერზე პასუხი მას არ ჰქონდა. უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა, რათა სტუდენტებმა აქეთ-იქით იარონ პრობლემების გადასაჭრელად და ვერაფერი გაარკვიონ”, – განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტი და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა იქამდე, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ დატოვებს დატოვებულ თანამდებობას ვლადიმერ პაპავა. სტუდენტური თვითმმართველობა საუბრობს ასევე უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე.
“არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვის საქმეებს”, – განაცხადა შალვა საბაურმა.

უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა აქციის დროს ვლადიმერ პაპავას წითელი ბარათიც უჩვენეს, ნიშნად იმისა, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადას დღეს, 22.00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ შიმშილობას დაიწყებენ.

 

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის 20-ში მაღაზია გაძარცვეს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: უახლოეს მომავალში მოხდება გამოკითხვა, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ მოსამართლეები