თენგიზ ფხალაძე – არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის

არ შეიძლება სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო შექმნილ ვითარებას ადეკვატურად აფასებს და ცდილობს, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მომავალში პრევენციას მოახდენს.
“ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ არის. რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, ყველგან, სადაც შესაძლებელია, ვსაუბრობთ საქართველოს ოკუპაციის და უკვე ანექსიის პრობლემატიკაზე, აღნიშნულის დაუშვებლობაზე. სწორედ იმიტომ ვართ გააქტიურებულნი, რომ ვხედავთ საფრთხეს, საკმაოდ ადეკვატურად ვაფასებთ მას და ვცდილობთ გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში მოახდენს აღნიშნულის პრევენციას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, არ შეიძლება სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის”,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა ერთის წინააღმდეგ, ერთმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაში25 იანვარს თბილისში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება?
შემდეგი სტატიაადვოკატი – ივანიშვილი უნდა დაიკითხოს