„ვერავინ ჩადგება ჩემსა და კახი კალაძეს შორის“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასსა და ვიცე პრემიერ-კახა კალაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც პრემიერმა ტელეკომპანია GDS-ს განუცხადა, მას და კალაძეს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ხოლო საპირისპირო აზრის დამკვიდრებას მტრები ცდილობენ.

„მე აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. მე და კახას გვაქვს, პირველ რიგში, მართლაც გამორჩეული მეგობრული ურთიერთობა. ის, რომ რამდენიმე განაწყენებული თუ ვიღაც შურიანი და გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის რაღაც გაუგებრობის შექმნას, მათი ეს მცდელობა რა თქმა უნდა, არის წარუმატებელი და ასეც იქნება იმიტომ, რომ მეც და კახიც პირველ რიგში, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაკისრია. ჩვენს შორის გამორიცხულია რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდეს. ეს არის აბსურდი, თუმცა ეს არის მიზანმიმართულად დამკვიდრებული აზრი, ამის მცდელობა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ და ვიღაც მტრებისგან, მათ შორის შიდა გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცეები, ვისაც არ სურთ ჯანსაღი ურთიერთობები. მე გარწმუნებთ, რომ არავითარი დაპირისპირება არ მაქვს და არც მექნება და ვერც ვერავინ ჩადგება ჩვენს შორის. ჩვენ პრველ რიგში, ვართ მეგობრები და შემდეგ ვართ თანამშრომლები. ასე ვუყურებ მე და ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ ყოველთვის. არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც საერთო საქმეს დააზიანებს. მით უმეტეს ჩვენ ოჯახებით ვართ ძალიან ახლოს. ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. მე მინდა, რომ ამ საკითხს წერტილი დავუსვათ დღეს ამ ეთერში“, – განაცხადა პრემიერმა „2030“-ის ეთერში.

შესაძლო დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც. კახი კალაძის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მისი თქმით, ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად ემსახურებიან ქვეყანას და ხალხს.
“არანაირი დაპირპისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის. პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრია და მე ვიცე-პრემიერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, ჩვენ ვართ მეგობრები. იყო ინტრიგები, მცდელობები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პიროვნებებისგან, მაგრამ ვერავინ მოახერხებს, რომ ჩემსა და ირაკლის შორის ჩამოაგდოს რაიმე გაურკვევლობა, ან დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ეს მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას თავშეკავებით შეხვდა
შემდეგი სტატია,,ჩვენ გვქონდა გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა – 4,8%”