დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ–აკაკი ბობოხიძე

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ, – ასეთი განცხადება საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის შიდა კონსოლიდაციის ნაცვლად გაუთავებელი იწილო-ბიწილოა დაესწრებოდა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას.
“დღეს ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სწორედ ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭირო იყო ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია. თუმცა ჩვენ ვხედავთ, გაუთავებელ იწილო- ბიწილოს მოვა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის მოსმენაზე. პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირი ამ ქვეყანაში. პრეზიდენტი არის ერთადერთი პირი, რომელსაც ამ ქვეყანაში აქვს ლეგიტიმაცია და ამ პრეზიდენტს მთავრობამ თურმე არ უნდა მოუსმინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს, ჩვენი მთავრობა თავ-პირის მტვრევით გაიქცევა და მინისტრები ერთმანეთს გაასწრებენ”, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში არის არაფორმალური მართვა და ამას პრეზიდენტის გამოსვლაც ადასტურებს.
“რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს ბატონი ღარიბაშვილი, თუმცა ის ასეთი ვერ არის, არაფორმალური მართვის შემთხვევაში შეუძლებელია ქვეყანაში იყოს წარმატებები. ის, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მართვა, ამას ადასტურებს პრეზიდენტის გამოსვლა, უმრავლესობის ყოფილი წევრების და ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფების გამოსვლა და ამას ადასტურებს გოგი თოფაძის გამოსვლა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების სწორად მოქმედების განსაზღვრისთვის დაიმოწმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის წევრებიც მადლობას გადაუხდიან ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ამიტომ არის ეს ხელისუფლება გამოსაცვლელი და გვჭირდება დამოუკიდებელი ხელისუფლება და არა ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ერთი რომელიღაც კაცის წინაშე, ვინც არ უნდა იყოს ის”, – განახცადა ბობოხიძემ.

საქართველოს შეიძლება დაჭირდეს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ერთადერთი ხსნა და ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა, – ამის შესახებ  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. ბობიხიძე მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
“პრეზიდენტს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან პასუხისმგებლობა გამოაცხადა მისი ამრჩეველი ქართველი ხალხის წინაშე და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სამწუხაროდ, პრეზიდენტის შესაძლებლობები ამით ამოწურულია, მაგრამ პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური შესაძლებლობები. მივესალმებით თქვენ ინიციატივას საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რადგან შეიძლება საქართველოს დაჭირდეს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ერთადერთი ხსნა და ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა”, – განაცხადა ბობიხიძემ.
მისივე თქმით, საქართველო გავს კრილოვის იგავაარაკს გედის, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიას შესახებ, როდესაც სამივე სხვადასხვა მიმართულებით ეზიდება საზიდარას, თუმცა საზიდარა ადგილიდან არ იძვრის.
“საქართველოს ხელისუფლების შეფასების დროს მეხუთე კლასის მასალას ვერ გავცდით. განა იმიტომ, რომ მეტი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ჯერ არ მჭირდება დანარჩენი ცოდნის გამოყენება. დღეს საქართველო გავს კრილოვის იგავარაკს გედის, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიას შესახებ, როდესაც სამივე სხვადასხვა მიმართულებით ეზიდება საზიდარას, თუმცა საზიდარა ადგილიდან არ იძვრის. ჩვენ ამაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენ საერთოდ არ ვეზიდებით თუნდაც სხვადასხვა მიმართულებით საზიდარს. დღეს ჩვენ დაკავებული ვართ, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, ერთმანეთთან ანგარიშწორებით. სხვა საზრუნავი საქართველოს ხელისუფლებას და რეალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, არ აქვს. ის მხოლოდ ერთი იდეით არის შეპყრობილი, რომ გაანადგუროს “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების მცდელობა არის პოლიტიკური შემადგენელის ნაწილების განადგურების მცდელობა. ჯერჯერობით “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი პარტია, რომელიც გადაურჩა ხელისუფლების დაკარგვას. კაცმა არ იცის გადარჩება თუ არა საქართველოს პოლიტიკურ პერსპექტივაში “ქართული ოცნება” როდესაც ის დაკარგავს ხელისუფლებას. პოლიტიკური პარტიების გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა. ნეტავი გვყოლოდა ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები”, – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი არ შეეხო პრობლემის საფუძვლებს – აცხადებს სერგო რატიანი
შემდეგი სტატიასოსო ვახტანგაშვილი – ათზე მეტმა პატიმარმა ციხიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა