დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესებას გეგმავს

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესებას გეგმავს.
ამის თაობაზე უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პასუხად განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ითქვა, პრემიერ-მინისტრმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს პროვოკატორი უწოდა, ხოლო შს მინისტრს გურჯაანიდან მისი მოშორება დაავალა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეაგირება მოითხოვეს.
თავის მხრივ, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუკი ასეთი რამ ითქვა, ეს სწორი არ არის.
“პრემიერმა, თუ პარლამენტის წარმომადგენელმა, ვინც არ უნდა თქვას რამე ასეთი – ეს არ არის სწორი, მაგრამ არ მგონია, რომ პრემიერმა თქვა, რომ ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან. მე ასე არ ვთვლი და ასე არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენი განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავინტერესდები, თუ თქვა პრემიერმა, რომ ღვინიაშვილი აქედან მოაშორეთო, ეს დაევალა მინისტრს ან ვინმე სხვას მისცა. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, მათ შორის პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის შეფასებებს, არ ვარ მომხრე იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ან პროვოკატორი ვუწოდოთ, ან რაიმე სხვა, მაგრამ მინდა, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სწორედ ღარიბაშვილის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, სიტყვა “პროვოკატორი” არის ხოლმე ყველაზე რბილი სიტყვა, რომელიც მის მიმართ არის ნათქვამი. ასე რომ, თუ სიტყვებზე ვსაუბრობთ, ვინ რა ლექსიკას იყენებს, როდესაც ვინმეს ქმედებებს აფასებს, მე ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ კორექტულები მიმართვის დროს და მსგავსი შეპასუხებები არ იქნება. არა მგონია, პრემიერი ადამიანურად ვინმეზე ნაკლებად იყოს შეხებული იმ გრძნობებს და ემოციებს, რომელიც ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და “პროვოკატორები მოაშორონ”.
“მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები – მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, რა სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ – ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს – გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა” ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშავებს
შემდეგი სტატიადაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება