დავით ნარმანია – ჯოკია ბოდოკიას ჩემი ძმა არ იცავს

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და კლასელია. ნარმანიას თქმით, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ ბოდოკიას დავით ნარმანიას ძმა იცავს. დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანია ოპონენტების ბრალდებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯოკია ბოდოკიას დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ლობირებდნენ.
“ეს არის აბსოლუტურად აბსურდული განცხადება, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდოკიას ჩემი ძმა იცავს. ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტია და ის ვერ დაიცავს მას, მითუმეტეს, რომ საქართველოშიც არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის ისეთივე სიცრუე, როგორც გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდიკია ჩემი თანასოფლელია. ის არის თბილისში დაბადებული, გაზრდილი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი და შესაბამისად, ჩემი თანაკლასელი, თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნებოდა”, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა დადგეს მერიაში ბოდოკიას ზემდგომი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ნარმანიას თქმით, თუ სამართალდამცველები გამოძიების პროცესში რაიმე დამატებით გარემოებას დაადგენენ, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის მერი მთავრობის წევრებს ჯოკია ბოდოკიას დაკავების შესახებ ესაუბრა
შემდეგი სტატიაუკრაინული არმია მძიმე შეირაღებას არსებული სადემარკაციო ხაზიდან გარკვეულ მონაკვეთში გაიყვანს-ვლადიმერ პუტინი