დავით ზურაბიშვილი: ეს ნინო გვენეტაძის ღირსებაზე მეტყველებს

საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი არ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის წარსული საქმიანობა „რესპუბლიკურ პარტიაში“ მისი ნაკლია. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრმა განაცხადა, პირიქით არის და ეს ნინო გვენეტაძის ღირსებაზე მეტყველებს.

„ამ კანდიდატის მიმართ პარლამენტმა ცალსახად გამოხატა თავის დამოკიდებულება, როდესაც 88 ხმით აირჩია. მისი რეპუტაცია საყოველთაოდ ცნობილია. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. ნინო გვენეტაძის მიმართ საზოგადოებაში კონსენსუსია მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. გამორჩეულია თავისი პატიოსნებით და ყველა, ვინც მას მხარს ვუჭერდით, ამ დანიშვნას მივესალმებით. რაც შეეხება მის წარსულს, რომ ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო და ხაშურის რაიონში კენჭს იყრიდა მაჟორიტარ დეპუტატად, მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს მისი ნაკლია. პირიქით, ეს მის ღირსებაზე მეტყველებს. ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იმ ხელისუფლების დროს ის სრულიად უმართებულოდ გამოაგდეს სასამართლოდან და მაშინ ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის პოზიციას. როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაზე კვლავ გადაერთო და იმისთვის, რომ მის პარტიულობას ხელი არ შეეშალა, პარტიიდან გავიდა. ეს ყველამ ვიცით და არ მგონია, რომ ეს რაიმე შეკითხვას იწვევდეს, თუ ვიღაც სპეციალურად არ არის ამით დაინტერესებული“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 23 მარტიდან შეუდგა. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 10 წლის ვადით აირჩიეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა.

 

banner
წინა სტატიაშიAirbus 320-ის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია
შემდეგი სტატიაIRI-გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 23%-ით შემცირდა