IRI-გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 23%-ით შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 22%-ით მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ პირიქით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 25-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. გამოკითხულთა 55% – ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 20%-მა არ იცის.

„ტაბულა“-ს ინფორმაციით, 2004 წლის შემდეგ, როდესაც IRI-ს კვლევები დაიწყო, ამ კითხვას დადებითად ყველაზე ცოტა გამოკითხული პასუხობს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 7 % ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იმავე დონეზე დარჩა.

“რუსთავი 2“-სთვის ამ კვლევებიდან კიდევ რამდენიმე მონაცემი გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 81% – ლარის გაუფასურებას ასახელებს, ხოლო 45% მაღალ გადასახადებს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. 11 პროცენტი აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, 25 %-ის აზრით კი, იგივე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: ეს ნინო გვენეტაძის ღირსებაზე მეტყველებს
შემდეგი სტატიააქცია ბათუმში-რუსთაველის გამზირი უკვე 2 საათია გადაკეტილია