გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეს არჩევანი ისტორიულად გავაკეთეთ

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ ყოველთვის არის მშვიდობიანი და პარტნიორობაზე ორიენტირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირებამ და მეზობლებთან ურთიერთობის დაძაბვამ სარგებელი მოუტანოს.
მარგველაშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საკმაოდ მძიმე გარემოს და პირობების მიუხედავად, საქართველომ წინსვლა შეძლო არაერთი მიმართულებით.
“ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ იმ გარემოში, სადაც ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით ძლიერი მეზობელი საფრთხეს უქმნის ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს, ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას და იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ოკუპაციის ანექსიად ქცევისკენ არის მიმართული. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაინც არ შეუცვლია თავისი ევროპული ორიენტაცია” – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, “აღმოსავლეთ პარტნიორობა” კარგი საშუალებაა, რათა ქვეყანამ დანერგოს ევროპული ღირებულებები.
“2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ იგი დაგვეხმარა პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების ტრანსფორმირებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ჩვენ გვაძლევს სპეციფიკურ მინიშნებებს საკანონმდებლო და სხვა კუთხით იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ”,-განახცადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მარგველაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანია, გახდეს ევროპულ პოლიტიკურ და კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნების ოჯახის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.
“ეს არჩევანი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის გაკეთებულია. საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანა, რომელსაც ნათლად აქვს გაცხადებული ორიენტაცია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეს არჩევანი ისტორიულად გავაკეთეთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ბოლო ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესია აღნიშნული. თუმცა, მისივე თქმით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც დასამარცხებელია. მარგველაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზეც გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სახელმწიფოა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის
შემდეგი სტატია,,როცა დიდი ტრაგედია შეგძრავს და სიტყვებს ვერ პოულობ,,