„ახალი მემარჯვენეები“ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს უკიდურესად მცდარ ნაბიჯად მიიჩნევენ

მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, „ახალი მემარჯვენეები“ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინაააღმდეგ გადადგმულ საგანგაშო ნაბიჯად აფასებენ.
,,საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პარლამენტის და მთავრობის წევრების განცხადებები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გავმიჯნოთ და პრაგმატული მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურად უკიდურესად მცდარ ნაბიჯად, რადგან საქართველოს და სხვა სახელმწიფოების რუსეთთან ამგვარი ურთიერთობის მთელი ისტორია სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს.

ფაქტია, რომ თვითონ რუსეთს პოლიტიკა და ეკონომიკა არასოდეს გაუმიჯნავს ერთმანეთისგან და „კრემლი“ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად თუ შანტაჟის იარაღად. „გაზპრომთან“ ურთიერთობის მძიმე გაკვეთილებიდან გამომდინარე დღეს ევროპის სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ და უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე. აღარაფერს ვამბობთ მეგობარი უკრაინის და საკუთარი ქვეყნის მწარე გამოცდილებაზე, რომელიც მძიმე დაღად დარჩა ჩვენს ეკონომიკაზეც და ჩვენი მოქალაქეების მეხსიერებაზეც“ – განახადა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნარი უნდა შესწევდეს კიდევ უფრო ამტკიცებდეს ქვეყნის სუვერენიტეტს და არა პირიქით, თანდათან ზრდიდეს იმ ქვეყანაზე დამოკიდებულებას, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ღიად ახორციელებს მისი ანექსიის მცდელობას და რომელთანაც გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ,,მითუმეტეს დაუშვებელია ასეთი მოლაპარაკებების ფარულად, საკუთარი ხალხის ზურგს უკან წარმოება.

ამ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ არ უნდა უკვირდეს, რომ მის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის უალტერნატივობას და რომ საქართველო მართლაც თანდათან ქრება ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების რადარებიდან“ – აღნიშნა ნაჭყებიამ.

,,ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, ხელი აიღოს საეჭვო და ქართული სახელმწიფოსათვის სახიფათო გარიგებებზე და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის რეალურ ენერგოდამოუკიდებლობას და არ დააზიანებს მის სტრატეგიულ ინტერესებს.

როგორც მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ხელისუფლების ამგვარმა ქმედებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთხელსაყრელი კავშირები, მათ შორის ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის სფეროში, და პრობლემები შექმნას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.

banner
წინა სტატიაშიყვითელი მიკროავტობუსისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიალაშა ჩხარტიშვილი და ლაშა აბაშიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ