ლაშა ჩხარტიშვილი და ლაშა აბაშიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მოსახლეობა დედაქალაქის მერიისაგან თბილისის “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე ხეების ჭრის ნებართვის გაუქმებას მოითხოვს.
“დემოკრატიის ინსტიტუტის” ორგანიზებით, თბილისის მერიასთან დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. მათ თან მოიტანეს ფიჭვის აეროზოლები და თბილისის მერიას მოუწოდეს, “მწვანე სკოლის” ეზოში გააუქმოს ხეების ჭრის ნებართვა და ასევე უარი თქვას ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით მერიის შესასვლელთან “ხე!” დაწერა და ამით მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ ხეების ჭრის პროცესთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, სკოლის მესაკუთრემ სკოლის ეზოს ტერიტორიის ნაწილი გაყიდა, სადაც ორი 17 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალი კორპუსები დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-12 კორპუსთან 15 მეტრში უნდა აშენდეს, რაც დაუშვებელია და საფრთხეს შეუქმნის მათ კორპუსს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მოსაჭრელად მონიშნულია 7 ხე, 2 კი გადასანერგად.
აქციის მსვლელობისას მერიაში მივიდა ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, რომელიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. მათ შორის მცირე კამათი მოხდა. ლაშა აბაშიძე აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. ხეების მოჭრის შესახებ კი არაფერი იცის. აბაშიძე მოსახლეობას სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა.
აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ სამშენებლოდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გუშინ ბანერი დაიდგა და თუკი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება მშენებლობის დაწყება, არც მოსაჭრელი ხეები არ უნდა იყოს მონიშნული. ისინი კითხვით მიმართავდნენ ლაშა აბაშიძეს – რატომ დაიდგა ბანერი მშენებლობის შესახებ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბანერის მიხედვით მშენებლობას “ჰაუს არტი” აწარმოებს.
აქცია უკვე დასრულდა. მოსახლეობის განცხადებით, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი აქციას მერიის შენობის წინ კვლავ გამართავენ.

banner
წინა სტატიაში„ახალი მემარჯვენეები“ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს უკიდურესად მცდარ ნაბიჯად მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ბიზნესს ცენტრთან აქცია იმართება