ახალდაბაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გადასცეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ, ლევან დავითაშვილმა, იური ნოზაძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები და ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები გადასცეს.
როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ახალდაბის მოსახლეობა ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამინისტროს ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად წყნეთი-ახალდაბის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნენ. მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საშიშროების გამო, მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთი ვერტმფრენით ჩაიტანეს.
“მოგეხსენებათ, ახალდაბისკენ გზა ჩაკეტილია. მოსახლეობას ვერტმფრენით ჩავუტანეთ ჰიგიენური საშუალებები, სურსათი და სასმელი წყალი. ახლდაბიდან ვერტმფრენით ჩამოვიყვანეთ რამდენიმე მოსახლე, რომელიც დედაქალაქში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა მას მერე, რაც მეწყერმა ახალდაბა გარესამყაროს მოსწყვიტა. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, მიმდინარეობს გზის შეკეთება და ვფიქრობთ, სულ მალე კომუნიკაცია აღდგება და სოფელში უკვე ტექნიკა შევა სამუშაოდ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დროულად მოხდეს, გაიწმინდოს გზები, მოხდეს შენობების რეაბილიტაცია.
“ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ – დაკარგეს ოჯახის წევრები, დაშავდნენ და უსახლკაროდ დარჩნენ”, – განაცხადა დანელიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით.
ახალდაბის მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში„სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“
შემდეგი სტატიაპროკურატურა სტიქიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს