,,აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გვიმტყუნა. მთავრობა, ღარიბაშვილი არაფერს აკეთებს”

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთ ნაწილს შეხვდა. ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა აქტუალურ საკითხს შეეხო.
“შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა “ფაშიზმი”, როდესაც ბოლო 15-20 წლის მოვლენებს აღწერდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომლითაც დღეს გიორგი მარგველაშვილს მივმართეთ – გვსურს შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც 1992 წლიან დღემდე არსებულ მოვლენებს დაარქმევს თავის სახელს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გვიმტყუნა. მთავრობა, ღარიბაშვილი არაფერს აკეთებს, რომ დადგინდეს სიმართლე – რა და როგორ ხდებოდა. არაფერი კეთდება, რომ ადამიანების შელახული უფლება აღდგეს, ამიტომ საზოგადოებამ ეს თავის ხელში უნდა აიღოს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურება”, – განუცხადა ირაკლი კაკაბაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აუდიენციის კიდევ ერთი მონაწილის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით კი, შეხვედრაზე ასევე “რუსთავი 2”-ის საკითხი დაისვა, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის მიერ საქმის მოსამართლისადმი გაკეთებული განცხადება გააკრიტიკეს.
“ჩვენი მხრიდან კრიტიკა ეხებოდა პრეზიდენტის გამონათქვამს, როდესაც მან თავისი შეხედულებით პირდაპირ მიუთითა მართლმსაჯულებას, კონკრეტულ მოსამართლეს, რომ არ მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მოსამართლეზე ზეწოლა. პრეზიდენტმა განმარტა მისი განცხადების კონტექსტი ვთხოვეთ, რომ განმარტება საზოგადოებისთვისაც გახადოს ცნობილი”, – აღნიშნა “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის სულ 25-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაში,, მინდა სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს “რუსთავი2″-ს”
შემდეგი სტატიაგაუქმდება თუ არა მე-12 კლასის და საატესტატო გამოცდები