ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოს აშფოთებს…

მსოფლიო შეშფოთებით ელოდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და ამ ქალაქში აშშ-ს საელჩოს გადატანას გეგმავს.

სხვადახვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში ნათლად ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებას ამერიკის უშუალო პარტნიორები და ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებიც კი – შემაშფოთებელს უწოდებენ.

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა მსოფლიო კათოლიკეთა ლიდერმა რომის პაპმა ფრანსისკმაც.

“ახლა ჩემი აზრები იერუსალიმისკენ არის მიმართული. ამ ბოლო დღეებში წარმოქმნილი სიტუაციის გამო ძალზედ შეშფოთებული ვარ და ამასთან დაკავშირებით უხმოდ ვერ გავჩერდები… ჩვენი სამყარო უკვე გლობალურ განზომილებაშიც დაძაბულობის მდგომარეობაშია,  ამიტომაც მე ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, წმინდა მიწებზეც, ახლო აღმოსავლეთშიც და მთელ მსოფლიოში გაიმარჯვოს  სიბრძნემ და მშვიდობამ,, აცხადებს პონთიპკოსი, რომელიც აღნიშნავს, რომ იერუსალიმი მთელს მსოფლიოში ერთადერთი წმინდა ქალაქია, როგორც იუდეველების, ასევე ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც და რომ იგი ამ სამივე რელიგიისთვის სათაყვანებელ ადგილს წარმოადგენს. სწორედ ამის გამო – ამ ქალაქს მშვიდობის საკითხში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს.

,,ჩვენ მივეკუთვნებით იმ ხალხს, ვინც წუხილით და შეშფოთებით ვისმენთ ამ ინფორმაციას, რამეთუ  იერუსალიმის სტატუსი პალესტინასა და ისრაელს შორის საბოლოო დარეგულირების საკითხად მიგვაჩნია,, აცხადებს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბორის ჯონსი.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს იერუსალიმის სტატუსთან  და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების პროცესთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია უჭირავთ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ფრედერიკა მოგერინიმ კი, აშშ გააფრთხილა შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ისრაელის მიერ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შემთხვევაში, ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა…

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰომეინის განცხადებით, აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით ,,გაუმაძღრობა და ხელმოცარულობა,, გამოავლინა… ,,პალესტინა მალე განთავისუფლდება და პალესტინელი ხალხი გამარჯვებას იზეიმებს, რაც აშშ-ს ხელ-ფეხს შეუკრავს და ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ,, აცხადებს ჰომეინი.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, პალესტინის ავტონომიის მეთაური მაჰმუდ აბასი ტელეფონით დაუკავშირდა ჯერ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შემდეგ  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს…  გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა აბასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თელ-ავივში მოქმედი აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის სურვილი აქვს, რაზედაც აბასმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი ზიანს მიაყენებს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესსაც და ამასთან, რეგიონალურ და საყოველთაო უსაფრთხოებას და სტაბილურობასაც დიდ საფრთხეს შეუქმნის.

კრემლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, პუტინმა და აბასმა ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემები და იერუსალიმის სტატუსი გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს… პუტინმა აღნიშნა, რომ ყველა საკამათო საკითხის, მათ შორის იერუსალიმის სტატუსის განხილვისათვისაც რუსეთი მხარს უჭერს პალესტინასა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას… ამჯერად რუსეთმა ,,არც მწვადი დაწვა და არც შამფური,, და საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვი დასავლეთ იერუსალიმს როგორც ისრაელის დედაქალაქს ისე აღიარებს, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმს კი მომავალი  დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევს.

ტრამპს ასევე ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიც, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რეგიონალურ სიმშვიდეს დააზარალებს… ,,მესჯიდი ალ-აქსას მეჩეთი, მუსლიმების უდიდესი სიწმინდეა და მისი სტატუსის შეცვლა, მსოფლიო მუსლიმანებში ახალი პროვოკაციის წარმოქმნის მიზეზი გახდება,, განუცხადა საუდელმა მონარქმა ტრამპს.

ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს ჩინეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმაც… რაც შეეხება არაბული ლიგის ქვეყნებს, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 13 დეკემბერს სტამბულში აპირებენ შეკრებას.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური. 

banner
წინა სტატიაშიგუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები კიევში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ