თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ.ბ.-ს ოჯახს, საიდანაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს ფოტოაპარატი, ე.წ. პლეიერი, კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა – ე.წ. ფლეი სთეიშენი, ოქროს სამკაულები, 500 ლარი, საბანკო პლასტიკური ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ტყიბულსა და წყალტუბოში დააკავეს. პოლიციამ, დ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობისას გატაცებული ე.წ. პლეიერი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას – ნაყაჩაღარი ფოტოაპარატი, ე.წ. ფლეი სთეიშენი, გატაცებული ოქროს სამკაულების გადადნობის შედეგად დამზადებული ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ზ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებელი ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და გატაცებული საკრედიტო ბარათი, კ.მ.-ს საცხოვრებელ სახლიდან კი ამოღებული იქნა უნომრო პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაში„დაგვაპატიმრებენ თან? ყველას ერთად გვიბარებენ თუ ცალ-ცალკე?“ – ინგა გრიგოლია
შემდეგი სტატიამცირეწლოვანი ბავშვების მანქანით გადაყვანაზე კანონი მკაცრდება