მსუბუქი ავტომობილით 3- წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანაზე კანონი მკაცრდება. ბავშვის მანქანით გადაყვანა უკანა სავარძელზე მხოლოდ 16 წლის და უფრო დიდი ასაკის მგზავრის კალთაში იქნება ნებადართული, რომელსაც უსაფრთხოების ღვედი უნდა ეკეთოს.
მცირეწლოვანი ბავშვის გადაყვანაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება “საგზაო მოძრაობის” შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შემდეგ დადგა. არასამთავრობოები ითხოვდნენ, რომ საბავშვო-სამგზავრო სავარძლის გამოყენების ვალდებულება კანონში ჩაწერილიყო. ამასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს რეგულაცია მოქალაქეებს ფინანსურად აზარალებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კანონში შეიძლება გაიწეროს, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ უკანა სავარძელზე და უფროსის კალთაში, რომელიც ვალდებული იქნება გაიკეთოს უსაფრთხოების ღვედი. შალვა ხუციშვილის განცხადებით, საბავშვო სავარძელი ალტერნატიული საშუალება იქნება.
“საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება.