თამარ ჩუგოშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, ჰარლემ დეზირს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, ჰარლემ დეზირს და მის თანმხლებ პირებს, ანა ლუნდბლადს და აიდარ ბოტაგაროვს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუმრებს გააცნო საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ის ცვლილებები, რომლებიც მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების საკითხებს შეეხება. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს რუსთავი 2-ის მიმდინარე საქმეზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის ის გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც აჩვენებს პოზიტიურად მზარდ ტენდენციას მედიის დამოუკიდებლობის კუთხით.

„შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად იქნა აღნიშნული კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება მედიის საკითხებს, ინტერნეტის თავისუფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების კუთხით გაზრდილ სტანდარტებს. ასევე, განვიხილეთ რამდენიმე სხვა საკითხი, მაგალითად, როგორიც არის რუსთავი 2 -ის მიმდინარე საქმე. აღინიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენც და ეუთოც ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაა, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო, როგორც გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც აჩვენებს პოზიტიურად მზარდ ტენდენციას მედიის დამოუკიდებლობის კუთხით “, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე იყო.

„ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან სერიოზული პასუხი. ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები გადადგნენ. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები დამოკიდებულია როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურაზე. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის გარეშე ცოტა რთულდება გამოძიება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.2% შეადგინა -ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლს შეხვდება