სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გმობს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გმობს და ადრე მომხდარი მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობის შესახებ საუბრობს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა აღნიშნულ დანაშაულს უსწრაფესად გამოიძიებს და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

“როგორც მედიით გახდა ცნობილი, 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტში საჯაროდ გავრცელდა ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობის დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. შემაშფოთებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება.

ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მისი ჩამდენი პირები კი დაუსჯელნი არ დარჩებიან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ასეთი ტიპის დანაშაულების გამეორებას მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილითა და პირადი ცხოვრების პატივისცემით მიუდგნენ აღნიშნული დანაშაულის გაშუქებას და უფრო მეტი მასშტაბი არ შესძინონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას,”-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას კანდიდატურა არ მოუხსნია
შემდეგი სტატია“ინტერპრესნიუსის” პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა