საია პარლამენტს მოუწოდებს, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე კონტროლი განახორციელოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარლამენტს მოუწოდებს, საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საია-მ საქართველოს მთავრობიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და მიმართულებების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ასევე, დაინტერესდა საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის კოორდინაციის საკითხით შტატების შემცირების შესახებ.

„საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ არ წარმოგვიდგინა ერთიანი ხედვა საბიუჯეტო ხარჯების 10%-ით შემცირების აუცილებლობის, ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და კრიტერიუმების შესახებ; გარდა ამისა, მთავრობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია შტატების რეორგანიზაციისა და საჯარო სამსაახურის ბიუროსთან არსებული კოორდინაციის თაობაზე; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ინსტიტუციური ანალიზი ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას და არ უკავშირდება შტატების მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს.

მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ სამინისტორებს არ მიუმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში რეკომენდაციების მიღების მიზნით“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, რეორგანიზაციის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა შტატების შემცირება უკვე დაიწყო.

საია-სთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე – მოხელეთა იძულება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, პრემიერის მიერ ინიცირებულ პროცესზე დროული და ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. საია-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი) და მოუწოდა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ“, – განმარტავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საია პროცესის მონიტორინგშია ჩართული და საჯარო მოხელეთა იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაში„მანანა კობახიძე პრინციპული ადამიანია“ – ზაქარია ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიაცერცვაძის დაკავება – რა “ხრიკს” იყენებს საქართველოს ხელისუფლება ჯარისკაცების დასაკავებლად?