საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
შეხვედრაზე, ასევე მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში გაეროს ჩართულობისა და გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა  ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ყურადღება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და  ადამიანის უფლებების  დარღვევის ფაქტებზე  გაამახვილა.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანექსიის პოლიტიკის გამო, რისი ნათელი მაგალითია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და უგულებელყოფს გაეროს ქარტიით გათვალისწინებულ ფუნდამენტური პრინციპებსა და მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველესად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით  მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს თანათავმჯდომარის საქმიანობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების როლს დღის წესრიგით გათვალისწინებული ისეთი ძირითადი საკითხების შესრულების პროცესში, როგორებიცაა: ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე  დადებითად შეაფასეს  გალის ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმების  მიღწევა და გამოთქვეს იმედი, რომ მექანიზმი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას  სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა გაერო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
banner
წინა სტატიაშიLed Zeppelin-ი სიმღერა Stairway to Heaven-ის მოპარვაშია ბრალდებული
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური – ვფიქრობ, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე