რით განხვავდება ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივი პასპოტისგან, რომელიც უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელია

ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის მსურველებს ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდება, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავდება.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას 28 მარტიდან შეძლებენ, თუმცა ვიზის გარეშე მოგზაურობას მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი მოქალაქეები შეძლებენ.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე და ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.

რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტს, ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია.

ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.

ბიომეტრიულ პასპორტს დღეს საქართველოს 995 443 მოქალაქე ფლობს. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: sda.gov.ge.

banner
წინა სტატიაშიტრამპის სიძე თეთრ სახლში ინოვაციულ სამმართველოს უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს