პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს

bachukiqardavaპარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.ამის პარალელურად, პარლამენტის ფოიეში ინტერპარტიული ჯგუპის წევრებმა ერთგვარი აქცია გამართეს.

მათ საკანონმდებლო ორგანოში პლაკატი მიიტანეს წარწერით: არალეგიტიმური არჩევნები – საფრთხე სახელმწიფოსთვის.

როგორც ცნობილია ინტერპარტიული ჯგუფს სურდა ბანერი სხდომათა დარბაზში შეეტანა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს, როს შემდეგაც ბანერი პოიეში გაშალეს სწორედ ამ ბანერის ფონზე გააკეთა განცხადება “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
„მოგეხსენებათ დღეს საქართველოს პარლამენტში იხილება საპარლამენტო ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრის და 200 ათასი საქართველოს მოაქალაქის მხარდაჭერილი ინიციატივა, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს რეგიონულ-პროპორციული სისტემით.

საქართველოს ხელისუფლება კი მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ის მანკიერი სისტემა, რომელიც მას მაჟორიტარების ხარჯზე საშუალებას აძლევს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია.

დღეს, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგენს ჩვენს საერთო ინიციატივას, სისტემის რეფორმირების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ, მინიმუმ ისიც კი არ დაუშვა, რომ ეს ბანერი, სადაც საქართველოს ხელისუფლებისადმი არის მოწოდება, რომ არალეგიტიმური არჩევნები არის საფრთხე ქვეყნის მომავლისთვის, შეგვეტანა. ამ ბანერის შიში მიანიშნებს იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა ის მექანიზმი რომელიც არსებობდა ძველ კანონმდებლობაში და ცდილობს არ განახორციელოს რეფორმა, რათა მოახდინოს ძალაუფლების შენარჩუნება”- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

სიტყვით გამოსვლისას ქარდავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ დღეს არსებული “მანკიერი სისტემით” შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას.

“ეს იქნება გამოწვევა და საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, დასავლური კურსისითვის, ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკისთვის და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, ჩვენი მხარდამჭერები, ის 200 ათასი ადამიანი და უამრავი პოლიტიკური ძალა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას დააზარალოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა “- აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცვლილებების განხორციელებისთვის პარლამენტს 200 000 ხელმომწერა რამოდენიმე თვის წინ წარუდგინა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მომზადებული პროექტის მიხედვით, პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან უნდა მოხდეს.

ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისუს-მა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე კიდევ ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგაეროს სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთს და აშშ-ს მიმართა