ხუთმა ირანელმა მიგრანტმა სიმბოლურად, პროტესტის ნიშნად, გუშინ საფრანგეთში პირი ამოიკერა, კალეში მიგრანტების ბანაკის განადგურების გამო – The Mirror წერს.
აღნიშნავენ, რომ მიგრანტებს ამ აქციით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ საფრანგეთის მთავრობას არ ესმის მათი. აქციის დროს მიგრანტები კალეში ბანაკის ტერიტორიაზე ტრანსფარანტებით დადიოდნენ. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა “მე საკუთარი სამშობლო დავტოვე და აქ მოვედი ჩემი უფლებების საპოვნელად, თუმცა, მე ის აქაც ვერ ვიპოვე”, მეორეზე ეწერა : “სად არის თქვენი დემოკრატია? სად არის ჩემი თავისუფლება?”
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტს კალეში ჩატარდა ოპერაცია “ჯუნგლები”, რომლის მიზანი იყო იქ არსებული მიგრანტების ბანაკების ლიკვიდაცია და მიგრანტების დაშლა. პოლიციამ ლტოლვილების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.