მესამე სექტორი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას სთავაზობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 11, 2018 12:28

მესამე სექტორი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას სთავაზობს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს საკანონმდებლო რეფორმებს სთავაზობს. კოალიციამ საკანონმდებლო წინადადებები წარადგინა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესის და მათი როლის ცვლილებას, მოიცავს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღამ” უნდა მოიცვას სკოლის საბჭოსგან დისტანცირების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფორმას რეალური შედეგი ვერ ექნება. ასევე კოალიციის განცხადებით, სკოლაში მსმენელების მიღების პროცესი საბჭოსგან დამოუკიდებლად უნდა მიმდინარეობდეს.
“უმნიშვნელოვანესია, რომ სკოლას მიეცეს უფლებამოსილება თავად (იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციის გზით) მიიღოს გადაწყვეტილებები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის, მისაღები კონკურსის გამოცხადების და მსმენელების შერჩევის თაობაზე.”

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს განახორციელოს შემდეგი ცვლილებები:

● სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა არჩევითი უნდა გახდეს. სასამართლოს თავმჯდომარე იმავე სასამართლოს მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ. ამასთან, კანონმა ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორი თანმიმდევრული ვადით არჩევა უნდა გამორიცხოს.

● თავმჯდომარის უფლებამოსილებები უნდა შეიზღუდოს. სასამართლოს თავმჯდომარის როლი და ფუნქციები წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით უნდა შემოიფარგლოს და არა უმეტესად მენეჯერული საქმიანობით, როგორც ეს ამჟამად არის. თავმჯდომარეს ასევე არ უნდა ჰქონდეს უფლება მოსამართლეს საქმის განხილვა დაავალოს ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზირებულ შემადგენლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია კანონმა დაადგინოს, რომ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის შემთხვევაში, მათი შემადგენლობა განსაზღვროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არა სასამართლოს თავმჯდომარემ.

● იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარეების კვოტა უნდა გაუქმდეს. კერძოდ, საბჭოში არჩეულ წევრს, რომელიც იმავდროულად იკავებს სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგია/პალატის თავმჯდომარის პოზიციას, არჩევისთანავე უნდა უწყდებოდეს ადმინისტრაციული თანამდებობა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 11, 2018 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics