თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას.
შეგახსენებთ, რომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გააშიშვლეს და მასზე ძალადობა სცადეს.