ლევილის მამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა

საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე დღეს ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, ხოლო ფრანგული მხარიდან – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახებმა, კერძოდ – ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავს, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლებმა. ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია, მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც 23 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ გაფორმდა.

banner
წინა სტატიაში“ბრედი თავისუფალია” – ნორვეგიული ავიაკომპანია ბრეტ პიტის სახელს იყენებს
შემდეგი სტატიათბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონი დაიტბორა