“ლევან მიქელაძე დღეს მეორედ გარდაიცვალა, რადგან მის საფლავზე მის მეგობარს გაუსწორდნენ”

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ალექსი პერტიაშვილზე თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც ირაკლი ალასანიამ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ალექსი პერტიაშვილზე თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში, პრაქტიკულად ყველა მოქალაქე დაუცველია.

“როდესაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით, მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს ხუთი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად ყველა მოქალაქე დაუცველია. არანაირ წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან იმედი მაქვს გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ლიდერს ასე უსწორდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სწრაფად, იმ ზომების მიღება, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები. იმედი მაქვს ალექსი პეტრიაშვილი მალე გამოჯანმრთელდება და საქმიანობას შეუდგება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერი ამ ეტაპზე თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, თავდასხმა ალექსი პერტიაშვილზე როგორც პოლიტიკოსზე განხორციელდა, თუ ეს შესაძლოა პირადი შურისძიება ყოფილიყო.

“როგორც პარტიის ლიდერი, ვერ მივცემ თავს უფლებას, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო. გამოძიება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს. ჩემი მოთხოვნაა, რომ ძალ-ღონე არ დაიშურონ სამართალდამცველებმა, რათა ობიერქტური ჭეშმარიტება დაადგინონ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ფაქტია, რომ პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლიდერზე იყო თავდასხმა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლევან მიქელაძე დღეს პრაქტიკულად მეორედ გარდაიცვალა, რადგან მის საფლავზე, მის მეგობარს ასე გაუსწორდნენ. ეს არის პირადი შეურაცხყოფა და პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

https://youtu.be/bs7WfClNick

banner
წინა სტატიაში,,ეს არის როგორც პოლიტიკური კლიმატის, ისე კრიმინოგენული კრიზისის მაჩვენებელი”
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დაახლოებით საათნახევარში დასრულდება