კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს

ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვანი გაზრდა, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

„დიდი იმედი მაქვს, მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ იმ პროცესის არსი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებებისა, რომლებსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ, არის უაღრესად დემოკრატიული. ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსი ტურისტების ჩხუბი ანტალიის სასტუმროში (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაშსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს