იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო WannaCrypt ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო WannaCrypt ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) ყურადღებით ადევნებს თვალს Ransomware WannaCrypt/WannaCry ვირუსის გავრცელებას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსისგან თავის დასაცავად სააგენტომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის.

ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დროულად განაახლონ ოპერაციული სისტემები, კერძოდ, ისარგებლონ კორპორაცია Microsoft -ის უსაფრთხოების MS17-010 ბიულეტენით რეკომენდებული განახლებით (https://technet.microsoft.com/en-us/library/security/ms17-010.aspx).

კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მომხმარებლებს მოუწოდებს, კომპიუტერული ვირუსის მოსაგერიებლად დაიცვან სამი რეკომენდაცია:

განაახლონ ოპერაციული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა;

არ გახსნან საეჭვო და უცნობი მისამართებიდან ელექტრონული ფოსტით მიღებული ფაილები; ასევე, ყურადღებით მოეკიდონ ნაცნობი მისამართებიდან გამოგზავნილ ფაილებს და გახსნან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული არიან მათ უტყუარობაში;

ყოველთვის იქონიონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლები და დარწმუნდნენ, რომ გაკეთებული ასლები არ არის დაზიანებული და მათგან შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა.

ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რისკს, დაზარალდნენ კონკრეტულად WannaCrypt ან ნებისმიერი სხვა კიბერვირუსისაგან.

WannaCrypt ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ 150-ზე მეტი ქვეყნის 200.000-მდე ობიექტი უკვე დააზიანა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი იწყება
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დაკითხვა განახლდა – პროკურორები თორდიას სახლში იმყოფებიან