იანვარში ღვინის ექსპორტი 184 პროცენტით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის – ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გავქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი (106 284).

ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება:

ჩინეთი – 725% (372 440)

ესტონეთი – 250% (48 432)

რუსეთი – 198% (2 861471)

ყირგიზეთი – 186% (38 700)

ყაზახეთი – 164% (106 284)

დიდი ბრიტანეთი 113% (14 328)

უკრაინა – 102% (402 858)

აშშ – 100% (32 940)

ლატვია – 84% (61 128)

პოლონეთი – 37% (156 302)

ლიტვა – 21% (54 228)

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 2,25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 229% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარის თქმით, ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს
შემდეგი სტატია“თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლებ, გვერდზე დაგვრჩება ვიზები” – დავით ბაქრაძე