ვინ აგებს პასუხს მაგნიტური სანაპიროს განადგურებისთვის – გრიგოლეთის მოსახლეობა სანაპიროს გადარჩენაში დახმარებას ითხოვს

vekuaგრიგოლეთის მკვიდრი, უფლებადამცველი გიორგი ვეკუა გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ნაპირის გამაგრება სუფსის ნავთობტერმინალს (რომელმაც მოითხოვა ამ სამუშაოების შესრულება) გასცდა და დასახლებულ ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც ამის საჭიროება ფაქტობრივად არ არსებობს და არც ადგილობრივებს მოუთხოვიათ რაიმე სახის დახმარება მთავრობისგან.
“საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურორტო ზონის გრიგოლეთის სანაპირო ზოლი ნადგურდება – გუშინდელი დღიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობს სავანეს უბნის სანაპირო ზოლის ქვა-ღორღით მოხრეშვა, რაც მრავალსაუკუნოვან უნიკალურ მაგნიტურ სანაპიროს განადგურების საშიშროებას უქმნის” – აცხადებს ვეკუა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამუშაოები ნაპირის მხოლოდ მოხრეშვას გულისხმობს, რაც გრიგოლეთის უნიკალური სანაპიროსთვის, რომელსაც თავისი განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე არა მხოლოდ საქართველოში იცნობენ, განადგურების პირასაა.

გრიგოლეთის სანაპირო განთქმულია მსოფლიოში უიშვიათესი მაგნიტური ქვიშით, რომელიც სამედიცინო დასკვნების შესაბამისად მაღალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. კურორტი გამოიყენება ისეთი ტიპის დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, ჰიპერტონია, რევმატული დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და სხვ.

ertyu

გიორგი ვეკუას თქმით, გრიგოლეთში მიმდინარე ეგრეთწოდებული “ნაპირსამაგრი სამუშაოების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დღეს საღამოს მოსახლეობას, რომელიც ადგილზე მიმდინარე მოხრეშვის გასაპროტესტებლად მივიდა,  სამხედრო ძალების გამოყენებით დაემუქრა.   “მან გვითხრა, თუ პროტესტს გამოვთქვამთ იმ მარაზმის წინააღმდეგ რაც გრიგოლეთში ხდება, ის იძულებული იქნება გამოიყენოს სამხედრო ძალა და მათი დახმარებით დაასრულოს მისთვის დავალებული საქმე, ანუ გაანადგუროს გრიგოლეთის სანაპირო ზოლი” – ამბობს ვეკუა. მისი აზრით,ქვა-ღორღი , რომელიც ახლა იყრება ნაპირზე დაახლოებით ორი წელიწადი სჭირდება იმისათვის, რომ ზღვამ გარეცხოს, ამიტომ მას ეჭვი აქვს, რომ მიმდინარე სამუშაოებით, რომელიც არც მოსახლეობას სჭირდება და არც სანაპიროს და პირდაპირი გაგებით წყლის ნაყვაა,  შესაძლებელია ფულის გათეთრება ხდებოდეს.

იმის გარდა, რომ სანაპირო ნადგურდება, ზღვის სეზონი ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
გრიგოლეთის მოსახლეობა ხვალიდან პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს სამუშაოების შესაჩერებლად და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, რომ დაიცვან გრიგოლეთის უნიკალური სანაპირო, რომელიც ერთი გაუაზრებელი პროექტის გამო არ უნდა დაიკარგოს.

banner
წინა სტატიაში„მე შენ მიწასთან გაგასწორებ!“ – დევნილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს დაემუქრა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი