ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო პასუხი უნდა აგოს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მსგავსი ხელშეკრულება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი და ამგვარად, საქართველო რუსეთის წინაშე „კაპიტულაციას ახდენს.“
„დღემდე არ ვიცით, ეს ხელშეკრულება არსებობს თუ არ არსებობს, მთავრობის განცხადებით მოხდა შეთანხმება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თუ არა. იყო თუ არა მსჯელობა ამის თაობაზე მთავრობაში. ანუ სტატუსიც კი არ ვიცით ამ მოლაპარაკების, თუ რა ეტაპზეა. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას,“ – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე.
მისი თქმით, გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება საქართველოსთვის დამაზარალებელია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, რადგან ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს კარგავს.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესაბამის რეზოლუციას წარადგენს.