ბრიტანელმა ქიმიკოსებმა “ნოვიჩოკის” მწარმოებელი ქვეყანა არ დაასახელეს

ბრიტანეთის პორტონ-დაუნის ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ნივთიერება, რომლითაც სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, “ნოვიჩოკის” კლასისაა, თუმცა, მწარმოებელი ქვეყანა არ დაასახელეს. როგორც ტელეარხ Sky News-ში ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ჰერი ეიტკენხენდმა განაცხადა, ნივთიერების მწარმოებელი ქვეყნის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ ქიმიური ანალიზი, აუცილებელია, ასევე, სხვა მონაცემები, მათ შორის, დაზვერვისგან. მისი თქმით, მსგავსი მონაცემები აქვს ბრიტანეთის მთავრობას.

“ჩვენ საბოლოო წყარო არ დაგვიდგენია, მაგრამ სამეცნიერო ინფორმაცია მთავრობას მივაწოდეთ, რომელმაც, თავის მხრივ, სხვა წყაროები გამოიყენა რომ იმ დასკვნამდე მისულიყო, სანამდეც მივიდა” – განაცხადა ჰერი ეიტკენხენდმა, რომელმაც, ასევე აღნიშნა, რომ საწარმლავი იდენთიფიცირებულია როგორც “ნოვიჩოკი”, რომელიც მომწამვლელი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაა. “ეს საწამლავი იმავე ოჯახს ეკუთვნის, ეს იყო სამხედრო მომწამვლელი ნივთიერება, მაგრამ საუბარი იმაზე, სად მოხდა მისი წარმოება – ეს ჩვენი სამუშაო არ არის”.
ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ასევე თქვა, რომ ამ ნივთიერების შესაქმნელად მაღალი ტექნოლოგიაა საჭირო, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო დონეზე არსებობს. ასევე, მეცნიერის თქმით, “ნოვიჩოკის” კლასის ნივთიერებების წინააღმდეგ ანტიდოტი არ არსებობს.

ჰერი ეიტკენხენდს რუსეთის ვარაუდზე, რომ სკრიპალები, შესაძლებელია ინგლისურ ლაბორატორიაში არსებული “ნოვიჩოკით” იყოს მოწამლული, კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ სკრიპალები პორტონ-დაუნის “ნოვიჩოკით” არიან მოწამლული – “შეუძლებელია მსგავსი რამ მომხდარიყო ჩვენს ლაბორატორიაში ან ის ვინმეს გაეტანა” – თქვა მან.

ხვალ დილით ქიმიური იარაღის დაცვის ორგანიზაცია ჰააგაში სპეციალურ შეხვედრაზე შეიკრიბება. შეხვედრა ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ შულგინის თხოვნით შედგება დახურულ კარს მიღმა. ქიმიური იარაღის დაცვის ორგანიზაცია დამოუკიდებლად სწავლობს ნივთიერებას, რომელმაც სკრიპალები მოწამლა.

ადრე სხვადასხვა გამოცემაში სამ პირთან ინტერვიუ დაიბეჭდა, რომლებსაც “ნოვიჩოკის” კლასის ნივთიერებებთან ჰქონდათ შეხება. ისინი საწამლავის წარმოშობის შესახებ ერთ აზრს არ იზიარებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ნივთიერების წარმომავლობის დადგენა შესაძლებელია.
The Bell-თან ინტერვიუში “ნოვიჩოკის” ერთ-ერთი შემქმნელი ვლადიმირ უგლევი ამბობს, რომ ნივთიერების მიერ სისხლში დატოვებული კვალით და მისი ანალიზით ადვილია დადგენა, სადაურია ის. ბრიტანეთში, დიდი ალბათობით, არის “ნოვიჩოკის” ნიმუშები, რუსეთში კი, მისი ფორმულა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იცის – თქვა უგლევმა. მის აზრს იზიარებენ სხვა სპეციალისტებიც. “ნოვიჩოკის” კიდევ ერთი შემქმნელის ლეონიდ რინკის თქმით, აღნიშნული ნივთიერების ბაზაზე შესაძლებელია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა, გარდა ამისა, “ამ ნივთიერების სინთეზირება შეუძლია ნებისმიერ ფარმაკოლოგიურ კორპორაციას საკუთარ ლაბორატორიაში”, ასევე, მისი თქმით, “ნოვიჩოკის” მოწამვლის შემდეგ მისი მწარმოებელი ქვეყანის დადგენა შესაძლებელია – “ბიბისი” წერს.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთის მთავრობა მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. ვლადიმირ პუტინმა ბრალდებას “ბოდვა” და “ნონსენსი” უწოდა.
დღეს, ჰერი ეიტკენხენდის გამოსვლის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ამ სიტყვების ფონზე “გაკვირვებას იწვევს იმ ანტირუსული კამპანიის სისწრაფე, რომელიც ამ შემთხვევის გამო დაიწყო”.
სკრიპალის მოწამვლამ რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაძაბა. ბრიტანეთის გარდა 30-მდე ქვეყანამ რუსეთის დიპმისიების 150-მდე წარმომადგენელი დაითხოვა საკუთარი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველომაც.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიევროპაში 15000 ავიარეისი შეაჩერეს
შემდეგი სტატიადაუდასტურებელი ინფორმაციით YouTube-ში ქალი ისროდა (ვიდეო)