შვილი “ისლამური სახელმწიფოს” თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა-თინა ალხანაშვილი

e4e8e4aa4bb81770c8cc856f9dfa1843პანკისის ხეობიდან სირიაში წასული 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის დედის, თინა ალხანაშვილის განცხადებით, შვილი მას სატელეფონო საუბრისას “მალე ჩამოსვლას” დაჰპირდა, – ამის შესახებ ალხანაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
რაც შეეხება იმას, რით არის დაკავებული ამჟამად რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, თინა ალხანაშვილის თქმით, შვილს ამის შესახებ მისთვის არ უთქვამს.
“მითხრა კარგად ვართო, არ ინერვიულოთო, მალე ჩამოვალთო. რითია დაკავებული, არაფერი უთქვამს. გაითიშა ტელეფონი და დიდხანს ვერ ველაპარაკე. შეიძლება მე მამშვიდებს მალე დავბრუნდებიო, მაგრამ ისიც იმისთვის წავიდა, რისთვისაც მანდ მიდიან. მთავრობა თუ დაგვეხმარება და გვერდში დაგვიდგება, მე მგონი დაბრუნდებიან – შეგვპირდნენ, ყველანაირად ვეცდებით თქვენი შვილები დავაბრუნოთო. იმედი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ჩანს”, – განაცხადა თინა ალხანაშვილმა.
მისივე მტკიცებით, შვილი “ისლამური სახელმწიფოს” თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა. “არ ვიცი თვითონ წავიდნენ თუ იძულებით გადაიყვანეს. საერთოდ, ჩემს შვილს ოჯახში არასდროს ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია, არც სურვილი ჰქონია იქ წასვლის. ნიჭიერი ბავშვი იყო, იძახდა ეროვნულ გამოცდებზე უნდა გავიდეო. უცებ რა მოიფიქრა და რატომ გადაწყვიტა იქ წასვლა, არ ვიცი, მე თვითონაც გაკვირვებული ვარ. იმათი წასვლის მერე გავიგეთ, რომ თურმე ჯოყოლოში გადადიოდნენ ხშირად. ვისთან მიდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ, არ ვიცით. სკოლაში დადიოდა – დილას მიდიოდა, შუადღით მოდიოდა, არასდროს დაუგვიანია და ეჭვი არ მქონია. “მარშუტკას” მიყვებოდა და მოყვებოდა”, – აღნიშნა რამზან ბაღაკაშვილის დედამ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი შვილი სირიაში ფულის გამო გადასულიყო, თინა ალხანაშვილი ამის შესაძლებლობა არ გამოირიცხავს.
“შეიძლება – ყველაფერი შეიძლება დღევანდელ ქვეყანაში, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ფულით არიან გადაბირებულები. გამოჩნდება ეს ყველაფერი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ და გავიგებთ რისთვის არიან ჩვენი შვილები იქ გადასულები, მით უმეტეს სკოლის მოსწავლეები”, – განმარტა თინა ალხანაშვილმა.
18 წლის რამზან ბაღაკაშვილი და 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში გასულ კვირას გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავსჯი ერთ ადამიანს
შემდეგი სტატიაყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს