,,ყველა ტიპის ინიციატივა მისასალმებელია, რომელმაც შეიძლება მოქალაქეებს დანაკარგები შეუმსუბუქოს”

ყველა ტიპის ინიციატივა მისასალმებელია, რომელმაც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს დანაკარგები შეუმსუბუქოს, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწოდებას საბანკო სექტორისადმი, რომლის თანახმადაც, გიორგი ქადაგიძე ბანკებს სესხის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციას სთხოვს.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი არის ინსტიტუტი, რომელიც, ბუნებრივია, კავშირშია საბანკო სექტორთან და ამ წუთამდე ზედამხედველობს მათ.
“შესაბამისად, ეროვნულ ბანკს შეუძლია არა მხოლოდ მოწოდება, არამედ რეგულაციები შეიმუშავოს, რომელიც შეეხება საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკას. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ უნდა ცდებოდეს საბაზრო პრინციპებს. რაც შეეხება ცალკეული ტიპის ინიციატივებს, ვფიქრობ, რომ სავალუტო დანაკარგები სავალუტო კურსის ცვლილების დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის იყო საკმაოდ მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ბევრ ადამიანს სესხი დოლარში ჰქონდა აღებული. შესაბამისად, კურსის გაუფასურებამ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები მოუტანა. “ვფიქრობ, რომ ყველა ტიპის ინიციატივა მისასალმებელია, რომელმაც შეიძლება ჩვენ მოქალაქეებს დანაკარგები შეუმსუბუქოს ისე, რომ მეორეს მხრივ, არ დაირღვეს საბანკო პრინციპები, ისე, რომ არ იყოს ჩარევა საბანკო საქმიანობაში”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაკომპანია “არემჯი” საქართველოს პროფკავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს