ლევან დავითაშვილი – კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობის საკითხებს თელავში, რთველის საორგანიზაციო შტაბში გაეცნო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ ჩაიბარებს უფრო მეტ ფასად, ვიდრე კერძო სექტორი. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის ინტერესს. ჩვენ ხელს არ შევუშლით ინდუსტრიის განვითარებას, სახელმწიფო ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი არ უნდა გახდეს. ხელოვნურად გაზრდილი ფასები ქართული ღვინის პერსპექტივას გააუარესებს. ჩვენ პოლიტიკა არის თანმიმდევრული – სახელმწიფო ყურძენს ჩაიბარებს იმავე ფასში, რაც ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლეხი იქნება მომგებიან მდგომარეობაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს გვაქვს. 2014 წელს ღვინის ექსპორტი იყო მზარდი. 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობა იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო მოთხოვნადია. ჩვენ ვითვალისწინებთ მევენახეობის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს მათი ხელშეწყობისთის. ისევე როგორც შარშან, წელსაც რთველი ორგანიზებულად ჩაივლის და წინასწარი ნეგატიური შეფასებები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად და ყურძნის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვს. არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობს, რთველი 2015-ის ფარგლებში, 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ საფერავზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შარშანდელთან შედარებით, ყურძნის სუბსიდის ნიშნული არ შემცირებულა. ამავე დროს, სახელმწიფო მზად არის,  მინიმალური საგარანტიო პირობები შექმნას და ყურძნის იმ ჭარბი სექტორის, რომელსაც კერძო კომპანიები არ მიიღებენ, ჩაბარება უზრუნველყოს. შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. გლეხი შეძლებს ყურძნის მომგებიანად რეალიზებას.

banner
წინა სტატიაში“უნდა ვიყოთ მზადყოფნაში… აგრესია ყოველდღე სახეზეა” – თინა ხიდაშელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო მანევრებზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,ყველა ტიპის ინიციატივა მისასალმებელია, რომელმაც შეიძლება მოქალაქეებს დანაკარგები შეუმსუბუქოს”